სანთლის არაყი (თაფლის არაყი)
სანთლის არაყი ერთ-ერთი ყველაზე განთქმული და ძვირფასი სასმელია. მას ასევე თაფლის არაყსაც უწოდებენ.
ტრადიციული მეთოდით გამოხდილი სანთლის არაყი შედარებით რბილი და სასიამოვნო დასალევია, არის ერთნახადი, თავისებური, განსაკუთრებული არომატით, რომელშიც გამოკვეთილია სანთლის, ფიჭის და ყვავილის მტვრის გემო. ნამდვილი სანთლის არაყის სიმაგრე 27 - 30 გრადუსია.
გურიაში სანთლის არაყს თითქმის ყველა მეფუტკრის ოჯახში იცნობენ, რადგანაც მხოლოდ საფუტკრე მეურნეობის პირობებშია შესაძლებელი ნამდვილი სანთლის არაყის გამოხდა და ამიტომ მისი განსაკუთრებული არომატის თავისებურება სწორედ იმითაა განპირობებული, რომ სანთლის არაყის გამოსახდელ მასალაში ფუტკრის თითქმის ყველა პროდუქტის ბუნებრივი პროპორციული შემადგენლობაა, ხოლო თვით სანთელი კი იმდენად ჭარბობს, რომ მისი მცირე ნაწილაკები არაყს გამოხდის დროს თან მოჰყვება, რაც მას კიდევ უფრო უმძაფრებს არომატს.