ფუტკრის მოშენება
ვითვალისწინებ ჩემი თანამემამულეების გამოხმაურებას იმის შესახებ, რომ საიტზე ჩამერთო თემა, რომელიც ფუტკრის მომშენებლობას ეხება.
როგორც ჩანს მიუხედავად უამრავი ლიტერატურისა, ამ თემაზე მაინც არ არის ხელმისაწვდომი დამწყები მეფუტკრეებისათვის საჭირო მასალა.
მე შევეცდები ძალიან გამარტივებულად მოგაწოდოთ ის საკითხები ნაწილობრივ მაინც რომელიც ფუტკრის მომშენებლობასთან არის დაკავშირებული. თუმცა ყველა საკითხს ვერ შევეხებით . გარდა ამისა ჩვენს საიტზე განთავსებული: ,,მეფუტკრის ცნობარი" და ,,მოგონებები ფუტკარზე" რომელიც უშუალოდ ცხოვრებისეული პრაქტიკიდან და შემთხვევებიდან არის აღებული სასარგებლო იქნება დამწყები მეფუტკრისათვის.
და აი ერთ დღეს მოგვივიდა აზრი შეგვეძინა ფუტკრის ოჯახი. და შეგვექმნა პატარა ოჯახური მეურნეობა მიუხედავად იმისა ამ დარგის შესახებ არაფერი არ ვიცით. რაკი ეს კეთილშობილური აზრი მოგვივიდა უკან არ დავიხიოთ. შევიძინოთ ფუტკრის ოჯახი.
ამ საქმის განსახორციელებლად სასურველი თუ გვყავს ვინმე მეგობარი - მეფუტკრე რჩევა დარიგებისთვის ეს აზრი გაუზიაროთ. თანაც ვთხოვოთ დახმარება, სასურველია ფუტკრის ოჯახი შევიძინოთ ადრე გაზაფხულზე (თებერვალი, მარტი). ამ პერიოდში შეიძლება ფუტკრის მასა ყველა ჩარჩოზე არ იყოს გასული, მაგრამ ამ პერიოდში ფუტკარი ინტენსიურად მრავლდება და შესამოწმებლად ადვილია.
ვამოწმებთ: სკას (ფუტკრის ბინა), ჩარჩოებს (ფერი, ასაკი და სხვა), თაფლისა და ჭეოს მარაგს, დედა ფუტკრის ასაკს (ჯანმრთელობას , მოძრაობას), გადაბეჭდილი და გადაუბეჭდავი ბარტყის მდგომარეობას, აგრეთვე ხომ არ შეინიშნება რამე დაავადება
ვიყიდეთ ფუტკარი. ახლა საჭიროა მისი გადმოყვანა წინასწარ განსაზღვრულ ადგილას. ერთი შეხედვით ადვილია ეს საქმე, მაგრამ აქაც არის გასათვალისწინებელი შემდეგი გარემოებები:
1)
სკა უნდა იყოს კარგი ფუტკარი რომ არ გამოვიდეს გადმოყვანის დროს.
2) სკას უნდა ჩაუკეტოთ ღამით საფრენი რადგან ყველა ფუტკარი იყოს შიგნით
3) გავითვალისწინოთ ტემპერატურა და ვენტილაცია, რადგან არ ჩაგვეხუთოს ფუტკარი ტრანსპორტირებისას.
4) არ შეიძლება ფუტკრის ოჯახის გადაადგილება მოკლე მანძილზე, რადგან მუშა ფუტკარი დაბრუნდება ძველ ადგილას და სკა დაცარიელდება (5 კმ და მეტი).
5) როცა სკას სახლში მოვიტანთ არ დაგვავიწყდეს საფრენის გახსნა ანუ დაველოდებით გათენებას.
ფუტკარში შემდგომი მუშაობისთვის დაგვჭირდება და აუცილებლად უნდა შევიძინოთ:
1. საბოლებელი
2. პირბადე
3. ასტამი
4.
ფიჭის ასათლელი დანა
5. სათადარიგო სკები
6. თაფლის საწური
7. ხელოვნური ფიჭები და სხვა
გახსოვდეთ! ნუ ითხოვთ ინვენტარს მეზობელი საფუტკრიდან.
სკა დავსვათ ისეთ ადგილას სადაც ქარი არ ხვდება, სასურველია საფრენი აღმოსავლეთით ჰქონდეს დილის მზის პირველი სხივი საფრენზე დაეცემა. შუადღეზე კი სასურველია ის ხის ჩრდილში მოექცეს და ზედმეტმა ტემპერატურამ არ შეაწუხოს.
ახლა ისმის კითხვა!? შეიძლება ერთი ოჯახიდან შეიქმნას რამდენიმე ოჯახისაგან შემდგარი პატარა მეურნეობა მაგ. 50 ოჯახი და უფრო მეტი? რა თქმა უნდა კი. ( იხ. ამავე საიტზე ,,ახლა მოგონება მსიამოვნებს). როცა გამრავლებაზე ვფიქრობთ დროებით უნდა დავივიწყოთ თაფლი. და მუშაობა წარვმართოთ მხოლოდ გამრავლებისათვის.
არსებობს ფუტკრის გამრავლების ბუნებრივი და ხელოვნური გამრავლება. ჩვენ ამ შემთხვევაში გამოგვადგება ხელოვნური გამრავლება. ამ მეთოდის რამდენიმე გზა არსებობს. ავირჩიოთ ყველაზე პრაქტიკული. ეს გახლავთ ფუტკრის ოჯახის თანაბრად შუაზე გაყოფა. ამისათვის სასურველია სკა დავდგათ 3-4 მეტრის სიგრძის, ხის ან რკინის შპალერზე შუა ადგილას ისე, რომ საბოლოოდ მასზე ოთხი ოჯახი ფუტკარი დაეტიოს. სკებს შორის დაშორება სასურველია 1 მეტრი, სიმაღლე 50 სმ.
როდესაც ფუტკარი კარგად გამრავლდება სკაში და მთლიანად დაფარავს ჩარჩოებს, ვიღებთ მეორე სკას იმავე ფერის ან, ან ორ სკას სხვა მაგრამ ერთნაირი ფერის და მასში გადაგვყავს თანაბრად ამ სკის ფუტკარი, ისე რომ თანაბრად გადაწილდეს ორივეში გადაბეჭდილი და გადაუბეჭდავი ღია ბარტყის ჩარჩოები. ცხადია დედა გადაჰყვება ერთ-ერთში. რამდენიმე საათის შემდეგ უკვე ორ სკაში ვაკვირდებით მუშა ფუტკრების მოძრაობას იმ სკაში რომელშიც მეტი მუშა ფუტკარი შედის ვწევთ გვერდზე მანამ, სანამ არ გათანაბრდება ფუტკრის მოძრაობა. უფრო გვიან კი შებინდებისას ვაკვირდებით სკის საფრენს. იმ სკაში, რომელშიც დედა არ არის, ფუტკრები გამოდიან საფრენის ირგვლივ, მოძრაობენ მოუსვენრად, ეძებენ დედას. ამ სკა მოვნიშნავთ და მესამე დღეს ვაძლევთ დედას გალიით ან სადედე სპირალით.
ამგვარად, ერთი ოჯახიდან მივიღეთ ორი ოჯახი. ამ სკებს ერთმანეთს თანდათან დავაშორებთ
ისე, რომ მანძილი იყოს მათ შორის 2 მ. კარგი ღალიანობის პერიოდში შესაძლებელია ამ ოჯახებმა სკის ბუდე მთლიანად შეავსოს ე.ი თორმეტივე ჩარჩო დაიფაროს ფუტკრით.
შემდეგ იწყება გაყოფის მეორე ეტაპი. ახლა უკვე ორ სკას ვყოფთ იმავე მეთოდით როგორც პირველად გავაკეთეთ. თუ გვაქვს საშუალება ახლა უკვე ოთხ სკას წავიყვანთ სამთაბაროდ, სადაც კარგი ღალაა, ან დავტოვებთ ადგილზე და მას შეუქმნით კვებისა და მოვლის შესაბამის პირობებს. თუ ერთი 12 ჩარჩოიანი სკიდან მივიღეთ ოთხი 9 ან 10 ჩარჩოიანი
ფუტკრის ოჯახი, თაფლითა და ჭეოთი უზრუნველყოფილი, ეს უკვე იქნება მომავალი წლისათვის გასაყოფი ფუტკარი. ამრიგად ერთი ოჯახისაგან სავსებით შესაძლებელია 3-4 წელიწადში მივიღოთ 50 ოჯახისაგან შემდგარი პატარა მეურნეობა. მე აქ კიდევ უნდა შეგახსენოთ, ამ პერიოდში თაფლი დავივიწყოთ. პირიქით შეიძლება ფუტკარს დაჭირდეს საკვების დამატება განსაკუთრებით ადრე გაზაფხულზე, როდესაც იგი იწყებს ინტენსიურ გამრავლებას. გამრავლება საკვებზე დიდად არის დამოკიდებული, ცდებით დადგენილია, რომ საშუალო სიძლიერის ფუტკრის ოჯახი წლიდან-წლამდე ბარტყის გამოკვებისათვის როგორც ენერგეტიკულ მასალას, ხარჯავს 40 კილოგრამზე მეტ თაფლს, ასევე 20-25 კგ ყვავილის მტვერს.
ფუტკარი მთელი წლის განმავლობაში არის ინტენსიური მოძრაობის პირობებში. ასევე მეფუტკრეს ფუტკართან აქვს საქმე მთელი წლის განმავლობაში.
1. საგაზაფხულო სამუშაოები
2. საშემოდგომო სამუშაოები
3. დასაზამთრებლად საჭირო სამუშაოები.
საქართველოს პირობებში ფუტკარი ოჯახის განახლებას იწყებს დეკემბრის ბოლოდან ე.ი დედა იწყებს კვერცხისდებას. თბილ, მზიან ამინდში მუშა ფუტკარი გარეთ გამოდის კუჭის გასაწმენდად, აგრეთვე სკაში შეაქვს წყალი ბარტყის საკვების დასამზადებლად. პირველი გამომღერის დროს მეფუტკრე საფუტკრეში უნდა იყოს და აკვირდებოდეს თითოეულ სკას გარეგანი დათვალიერებით და მოსმენით ვადგენთ: ხომ არ არის უდედო სკა, ხომ არ არის შიმშილი რომელიმე სკაში და სხვა. (იხილეთ ამავე საიტზე ,,ფუტკრის დაავადებების დიაგნოსტიკა", "სინესტე ფუტკრის მტერია" და სხვა). გარდა ამისა საგაზაფხულო სამუშაოებში შედის ფუტკრის სკის მდგომარეობის შეფასება, მისი გასუფთავება და სხვა. ყველაზე შრომატევადი საქმე მეფუტკრეს სკაში აქვს მთავარი ღალიანობის დროს. ამ დროს მომარაგებული უნდა გვქონდეს ჩარჩო, სანთელი და სხვა. როდესაც ფუტკარი დიდი რაოდენობის ნექტარს მოიტანს ფუტკარს უვითარდება სპეციალურ ჯირკვლებში სანთლის გამომუშავება. იწყება ახალი სანთლით ფიჭის შენება. ამ დროს ხდება ჩარჩოების გათეთრება ახალი სანთლით საჭიროა ფუტკარს ავაშენებინოთ ახალი ჩარჩოები და გავაფართოვოთ, რადგან არ მივცეთ მას საშუალება იგრძნოს სივიწროვე და ბუნებრივ ნაყარზე ფიქრი. გარდა ამისა ახალი ფიჭა ახალისებს ფუტკარს. სასურველია 4-6 მდე ახალი ჩარჩო შეიცვალოს სკაში. ეს ბევრ დაავადებებსაც აგვაცილებს. როდესაც სკა კარგად გაძლიერდება, თუ მისი გამრავლება არ გვსურს საჭიროა მასზე დაიდგას საკუჭნაო ან ბუდის მეორე განყოფილება. როდესაც თაფლიან ჩარჩოებს გადაბეჭდავს ფუტკარი, საჭიროა მისი დროული დაწურვა და განახლება რადგან ხელი არ შეეშალოთ ფუტკარს. თუ ფუტკარმა ბუნებრივი ნაყარი გაუშვა სწორია მისი ახალ სკაში მოთავსება და მას უნდა მივცეთ იმდენი ჩარჩო ასაშენებლად, რა სიძლიერისაც არის ნაყარი, რაც წონით იზომება. ზოგჯერ მისი დაჭერა სირთულეებთან არის დაკავშირებული, რადგან ახალი ფუტკრის ოჯახი ხის სხვადასხვა სიმაღლეზე მიაყრის და ელოდება მზვერავი ფუტკრის სიგნალს წასასვლელად.
პრაქტიკულად გამოვიმუშავე ნაყარის ჩამოყვანის ყველაზე ადვილი და პრაქტიკული მეთოდი რომელიც ბევრმა მეფუტკრეებმა მოიწონეს. ამისათვის ავიღოთ გრძელი (სასურველი ბამბუკის ჯოხი). ამოვიღოთ სკიდან მშრალი ან უმჯობესია ბარტყიანიო ჩარჩო. ფუტკრის გარეშე კარგად დავამაგროთ ჯოხის წვერზე მავთულით და მივადოთ ნაყარს, რამდენიმე წუთში დედა გადავა მასზე და შემდეგ მთლიანად ფუტკარი. ნახევარი საათის შემდეგ ამ ჩარჩოს მთლიანად ვდებთ
ახალ სკაში, ფუტკარი განაწილდება ჩარჩოებზე და ფრთების განსაკუთრებული მოძრაობით გვამცნობს რომ საქმე კარგადაა და იწყებენ მუშაობას.
საგაზაფხულო მუშაობაში შედის აგრეთვე ძველი დედების შეცვლა ახლით.
ამისათვის მე ვურჩევ მეფუტკრეებს გამოიყენონ სადედეების მიცემა სპირალით: სპირალში ვათავსებთ მომწიფებულ სადედეს საიდანაც 1-2 დღეში უნდა გამოვიდეს ახალი დედა. სპირალში ძველი დედა და მუშა ფუტკარი სადედეს ვერ აზიანებს, ხოლო ახალი დედა კი
ბრძოლაში ამარცხებს ძველს და რჩება სკაში. ამ პროცესის შესრულება ადვილია, რადგან არ არის საჭირო სკაში დედის ძებნა და მისი ამოყვანა. თუ 50 ოჯახს ამისათვის დაჭირდება 1-2 დღე სპირალით დედებს ამავე სკებში მივცემთ ერთ საათში - ნახეთ დროში რამდენს ვიგებთ.
საშემოდგომო სამუშაოებში შედის:
1. ძველი ჩარჩოების გადადნობა
2. ფუტკრის ოჯახების შემოწმება, დედების მდგომარეობა.
3. დაავადებების ნიშნები (იხილეთ ამავე საიტზე დაავადებები).
4, საკვები მარაგის მდგომარეობა.
5. სკების მდგომარეობა და სხვა.
საქართველოში განსაკუთრებით სუბტროპიკული კლიმატის პირობებში სკის შეფუთვა, საფრენის დაპატარავება და სხვა არ არის რეკომენდებული, რადგან შეიძლება ამ ჩარევით ხელოვნურად შევქმნათ სინესტე და ფუტკარი დავღუპოთ. (იხილეთ ამავე საიტზე - "სინესტე ფუტკრის მტერია" ). დათბილვა როგორც ასეთი დაჭირდება სუსტი ფუტკრის ოჯახს ისიც ადრე გაზაფხულზე როდესაც იწყება გამრავლება და ფუტკარი სწევს ტემპერატურას მაღლა.
მეფუტკრე დაინტერესებული უნდა იყოს საფუტკრეში რაც შეიძლება ძლიერი ოჯახი ჰყავდეს. ეს საჭიროა როგორც პროდუქტის რაოდენობის გაზრდისათვის, ასევე ზოგიერთი დაავადების გავრცელების თავიდან ასაცილებლად. ამიტომ საჭირო ხდება როგორც ადრე გაზაფხულზე, ასევე შემოდგომაზე სუსტი ოჯახების შეერთება. ფუტკრის ოჯახების შეერთების დროს გამოიყენეთ ქაღალდი, შესაძლებელია გაზეთი, რომელიც ტიხრის მსგავსად ორ სხვადასხვა ოჯახის ფუტკრებს შორის თავსდება. ამ დროს ფუტკრები ერთმანეთს თავს არ ესხმიან, იწყებენ გაზეთის დამუშავებას ნაფლეთებად და გარეთ გამოაქვთ.
გარდა ამისა გაზაფხულზე ფუტკრის პირველი გამღერის დროს
თუ შევნიშნეთ რომ მასში დედა ფუტკარი არ არის, მას უნდა მივცეთ სათადარიგო დედა გალიის საშუალებით. გალიას ვტოვებთ 1-2 დღეს. ეს საჭიროა რადგან დაობლებული ფუტკრის ოჯახი ხშირად დედა ფუტკარს არ იღებს და კლავს. ამიტომ საჭიროა გაზაფხულზე შევქმნათ ნუკლეუსი 4 ჩარჩოზე, რომელშიც ვანაყოფიერებთ დედა ფუტკარს და შევინახავთ. ერთ სტანდარტულ სკაში შეიძლება ტიხრის საშუალებით შევინახოთ ოთხი ნუკლეუსი (პატარა ოთხი დედით), რომელსაც სხვადასხვა მხარეს ოთხი საფრენი ექნება. თუ არ დაგვჭირდება გაზაფხულზე დედები შეიძლება მისი გაერთიანება (ტიხრის მოშლა) და გვეყოლება ერთი ძლიერი ოჯახი.
ფუტკარში მუშაობის დროს თუ დაგვეუფლა შიში პირველი დანესტვრის დროს საჭიროა ნებისყოფა გამოვიჩინოთ და ფუტკარი სხვა ს არ გადავცეთ მოსავლელად (იხილეთ ამავე საიტზე მოგონებები ფუტკარზე - "ნუ გეშინია ფუტკრის") მეფუტკრეობას სხვის ხელში ყურებით ვერ ისწავლი. მიმაჩნია რომ მეფუტკრე არ უნდა იყოს კარჩაკეტილი, ის უნდა ამხანაგობდეს მეფუტკრეებთან, შეკითხვებს არ უნდა მოერიდოს - სწავლა ცხოვრების მანძილზე ყოველთვის საჭიროა (იხილეთ ამავე საიტზე მოგონებები ფუტკარზე - "მწარე გაკვეთილი")
რადგან უკვე შევქმენით პატარა მეურნეობა მაგ. 50 ოჯახი ფუტკრისაგან შემდგარ ახლა შეიძლება ვიფიქროთ ფუტკრის პროდუქტებზე, რადგან ამოვიღოთ ის დანახარჯები რაც დაგვჭირდა ამ საქმის შესასრულებლად 3-4 წლის განმავლობაში. ავიღოთ საშუალო მონაცემები (საშუალო ღალიანობის პირობებში) 50 ოჯახი ფუტკრისგან საშუალოდ შეიძლება მივიღოთ 1 ტონა თაფლი, 5 კგ რძე, 100 კგ. ყვავილის მტვერი, დინდგელი 10 კგ. (გარდა ამისა შეიძლება ავიღოთ შხამი, გამოვიყვანოთ დედები, და პაკეტები სარეალიზაციოდ). ჩვენ მხოლოდ ამ ოთხ პროდუქტს გადავიყვანთ ფულად ერთეულებში, საშუალოდ მივიღებთ წელიწადში 26 ათას ლარს დანახარჯები მეურნეობას რა თქმა უნდა აქვს, მაგრამ დარგი მაინც მომგებიანია.
როცა შესრულდება ის, რაც ჩვენ ქვეყანას აქვს გასაკეთებელი, დარგი კიდევ უფრო დაფასდება რადგან ყოველი სახელის მომხვეჭი ქვეყნისათვის იყო ქართული ფუტკარი, რომელიც მსოფლიოს ქვეყნებში თამამად დაფრინავს და ფუტკრის პროდუქტები ოდითგანვე - როგორც საექსპორტო საქონელი.