პასუხი შეკითხვებზე
მრავალი შეკითხვიდან რამდენიმეს გავცემ პასუხს:
ფუტკრის ბიოლოგიიდან - ფუტკრის ოჯახის შემადგენლობა
ფუტკრის ოჯახი შედგება დედა, მუშა, და მამალი ფუტკრისაგან, რომლებიც როგორც ანატომიურად, ისე ფიზიოლოგიურად განსხვავდებიან ერთმანეთისაგან. დედა ფუტკრის მოვალეობაა მხოლოდ კვერცხის დება და ფუტკრის გამრავლება, ცოცხლობს 3-4 წელიწადს. განაყოფიერება ხდება ერთხელ. საქორწილო გაფრენის დროს მამრი მდედრს მთლიანად უტოვებს სპერმის პარკს, რომელიც ყოფნის მას რამდენიმე წელს კვერცხის განაყოფიერებისათვის.
მამალი ფუტკარი არანაირ სამუშაოს არ ასრულებს გარდა განაყოფიერებისა. ისინი მალე იღუპებიან
ყველა ის პროცესი რაც სკაში ხდება მუშა ფუტკრები ასრულებენ ამისათვის მათი სხეული არის ანატომიურად უფრო რთული აგებულების. თითოეულის განვითარება და აგებულება უშუალოდ დამოკიდებულია მათ გამოზრდაზე, კვებაზე და უჯრაზე, სადაც ვითარდება ბარტყი.
დედა ფუტკარი გამოყავთ მუშა ფუტკრებს განაყოფიერებული კვერცხიდან, სპეციალურად ჩამოშენებულ რკოსმაგვარ უჯრაში, კვებავენ მხოლოდ რძით. გამოდის კვერცხის დადებიდან მე - 16 -ე დღეს.
მამალი ფუტკარი იჩეკება გაუნაყოფიერებელი კვერცხიდან სამამლე უჯრაში, რომელიც არის შედარებით დიდი ზომის. ამიტომ დედა კვერცხის ჩადების დროს მუცლის კედლის მექანიკურ შევიწროებას არ განიცდის, სპერმა ვერ ხვდება საკვერცხე მილაკიდან ჩამოსულ კვერცხუჯრედს და დებს გაუნაყოფიერებელ კვერცხს. მამალი ფუტკარი გამოდის 25 -ე დღეზე. მისი რაოდენობა დამოკიდებულია ასეთი სამამლე უჯრედის რაოდენობაზე.
მუშა ფუტკარი ვითარდება განაყოფიერებული კვერცხუჯრედისგან სამუშო უჯრაში, გამოდის 21-ე დღეს. ბარტყი იკვებება 3 დღეს რძით, შემდეგ თაფლის და ჭეოს ნარევი მასით. ღალიანობის პერიოდში ცოცხლობს 2 თვეს.
ფუტკრის ოჯახის შინაგანაწესი სკაში
ყველა სამუშაო პროცესს ფუტკრის ოჯახში მუშა ფუტკარი ასრულებს როგორც შიგნით, ისე გარეთ, ამიტომ შრომა სკაში განაწილებულია ასაკის მიხედვით. მუშა ფუტკრის პირველი საზრუნავია დედა ფუტკრის მოვლა, ამიტომ არის ერთი გუნდი ფუტკრის რომელიც ემსახურება მის კვებას, მეორე ჯგუფი იცავს ფიზიკურად. იცავენ ქურდი ფუტკრების თავდასხმისაგან. მესამე ჯგუფი არის უჯრედების გამწმენდი. ესენი ასწორებენ უჯრების კედლებს და სხვ. სადაც უნდა ჩაიდოს კვერცხი. ახალგაზრდა ჯგუფი ფუტკრებისა იღებენ ნექტარს მოღალე ფუტკრისაგან. იწყებენ მის გადამუშავებას. აგრეთვე ახალგაზრდა ფუტკრის ერთი გუნდი ემსახურება ბარტყის გამოკვებას რძით. საშუალო ასაკის ფუტკრები გამოყოფენ მუცლის სეგმენტებიდან სპეციალურ ჯირკვლებში ცვილს, რომელსაც გადასცემენ კიდევ ერთ ჯგუფს ფუტკრებისას, რომლებსაც ჰქვია ხურო ფუტკრები. ესენი არიან მშენებლები.
ფუტკრის ერთ ჯგუფს ევალება სკის დაცვა, ისინი დგანან საფრენთან, აკონტროლებენ მას ქურდი ფუტკრის და დამცემი ცხოველებისაგან.
კიდევ ერთი ჯგუფი ფუტკრებისა არეგულირებს მიკროკლიმატს სკაში. ფრთების ქნევის საშუალებით აორთქლებენ ნექტრიდან ზედმეტ წყალს.
საშუალოზე ხნიერი ფუტკრის გუნდი გადის სკიდან საშოვარზე, ნექტრისა და ყვავილის მტვრის შესაგროვებლად, ისინი აგრეთვე ხის კვირტებისგან აგროვებენ დინდგელს, რომლებსაც ხმარობენ სხვადასხვა მიზნით, მაგ: ზამთარში საფრენის დასაპატარავებლად, უცხო სხეულების მაგ მკვდარი თაგვის დასაფარავად და სხვა.
ბარტყის მკვებავი ფუტკრები აგრეთვე თაფლისა და ჭეოს გასახსნელად გამოდიან გარეთ წყლის მოსატანად. კიდევ არის ფუტკრები რომლებიც ასრულებენ მზვერავის როლს, ისინი ეძებენ საკვებს და ახალ ბინას საჭიროების შემთხვევაში.
ფუტკრები ხვდებიან ოჯახის უფროსის - დედა ფუტკრის მნიშვნელობას და განსაკუთრებულად უვლიან მას. ერთი წვეთი თაფლიც რომ დარჩეს მას დედა ფუტკარს მოახმარენ. როდესაც დედა ფუტკარი ბერდება, ელევა სპერმა და ა.შ მუშა ფუტკრები იწყებენ ზრუნვას ახალი დედის გამოსაყვანად. ორი დედა რომ ჩნდება სკაში, მაშინ იწყება მათი ბრძოლა. რა თქმა უნდა ახალი იმარჯვებს და იწყებს მოვალეობის შესრულებას. ზამთარში ტემპერატურის აწევისათვის, რაც ხახუნის საშუალებით ხდება ყველაა ჩართული. ასეთია ფუტკრის ოჯახის შინაგანაწესი სკაში.
როგორია მეფუტკრეობის მომავალი საქართველოში?
არ გვინდა ათასჯერ გავიმეოროთ ის, რომ ქართული ფუტკარი საუკეთესოა მსოფლიოში, რომ საქართველოში ნაწარმი ფუტკრის პროდუქტები საუკეთესოა და ერთ-ერთი საექსპორტო საქონელია და ა.შ.
დღეს არაფერი კეთდება ქართული ფუტკრის აღორძინებისათვის. ქართული თაფლი დაუცველია, საზღვარგარეთ გატანა შეზღუდულია. ფასი დაბალია. რატომ არ უნდა იყოს დამფასოებელი საწარმო ისეთი რომელიც ქართულ თაფლს ნორმალური ქართული ეტიკეტით გაგზავნის საექსპორტოდ ისე, როგორც ღვინოს. და რატომ უნდა იყიდოს მოქალაქემ საქართველოში შემოტანილი თაფლი სამჯერ უფრო ძვირად, რომელიც ჩვენ თაფლზე გაცილებით ცუდი ხარისხისაა, მაგრამ ეტიკეტი აქვთ კარგი. გამოსავალი ევროკავშირში გაწევრიანებაა, მაგრამ მანამდეც ხომ უნდა ფუტკარს პატრონი. ხომ უნდა შეიქმნას მეფუტკრეობის განვითარების სტრატეგიული გეგმები.
ამჟამად საქართველოში ფუტკრის რაოდენობა თანდათან მცირდება. თუ თაფლის საზღვარგარეთ გატანა ჯერ კიდევ შეზღუდულია და კონტრაბანდულიც კი, მაშინ ადგილზე მაინც უნდა უპატრონოს სახელმწიფომ. გამყიდველი მეფუტკრეს სთავაზობს სასაცილო ფასს, რომელიც დანახარჯებს ვერ ანაზღაურებს, ამიტომ დიდი რაოდენობით ფუტკრის ყოლა არასასურველი ხდება. პირადად მე შევამცირე ჩემი მეურნეობა 50% ით. დასანანია, მაგრამ ვიტოვებ მეფუტკრეობის განვითარების უკეთესი მომავლის იმედს.
ფუტკრის გასაჭირი
შეკითხვას, რომელიც რამდენიმეჯერ დამისვეს, და რომელიც აინტერესებთ არა მარტო მეფუტკრეებს, რთულია პასუხი გასცე, რადგანაც მსოფლიოს წამყვან ცნობილ ლაბორატორიების მეცნიერებსაც არა აქვთ სრული პასუხი ამ თემაზე.
საკითხი ეხება ფუტკრის ეპიდემიას , რომლის გამომწვევი მიზეზი ჯერ ჯერობით მეცნიერებმა ვერ დაადგინეს.
სანამ ამ ეპიდემიის გამომწვევი მიზეზის რამდენიმე ვერსიას განვიხილავდეთ, მოდით გავიაზროთ ყველაზე მტკივნეული საკითხი, თუ რა ზიანი შეიძლება გამოიწვიოს დედამიწაზე ფუტკრის განადგურებამ.
ჩვენთვის ცნობილია ფუტკრის პროდუქტების: თაფლის, ჭეოს (ყვავილის მტვერი), ცვილის, შხამის, ფუტკრის რძის, დინდგელის მნიშვნელობა კაცობრიობისათვის. ეს ერთი დიდი სიკეთეა რასაც ფუტკარი გვიკეთებს, ხოლო მეორე კიდევ უფრო მნიშვნელოვანია - საკითხი ეხება ფუტკრის მნიშვნელობას მცენარეთა სამყაროს განვითარებაში. ფუტკრები ჩვენი მცენარეულის მესამედს მტვერავენ. გამოჩენილი ბოტანიკოსების აზრით 70 სახეობაზე მეტი მცენარე სრულიად განადგურდება თუ მისი დამტვერვა არ მოხდა, რომელთა დიდი ნაწილი ადამიანის თუ ცხოველის საკვებს წარმოადგენს. მეცნიერების აზრით ფუტკრის განადგურებამ შეიძლება გლობალურ დათბობაზე მეტი პრობლემა გამოიწვიოს.
ფუტკრის ეპიდემია დაიწყო ამერიკაში, სადაც განადგურდა არსებული ფუტკრის ოჯახების მესამედი. სამწუხაროდ ეპიდემიამ გავრცელება დაიწყო ევროპის ქვეყნებშიც , იტალიაში პორტუგალიაში და სხვა ქვეყნებში.
ფუტკრის მასიური დაღუპვა შეიძლება გამოიწვიოს სხვადასხვა მიზეზმა. მაგალითად შიმშილმა, რომლის დროს ფუტკარი გამრავლებას წყვეტს და ოჯახი თანდათან ქრება. დაავადება ვაროატოზმა რომელმაც მე-20-ე საუკუნის 80-იან წლებში მსოფლიოს 50%-ით ფუტკრის ოჯახი გაანადგურა, მათ შორის საქართველოშიც (იხ. ამავე საიტზე დაავადება ვაროატოზი )
აგრეთვე ფუტკრის მასობრივი განადგურება შეიძლება გამოიწვიოს პესტიციდებმა რომლითაც მცენარეებს ამუშავებენ სხვადასხვა დაავადებებზე. ამ მიზეზების დადგენა ადვილი შესაძლებელია და ამ ეპიდემიასთან რაიმე კავშირი არ უნდა ჰქონდეს.
ის სიმპტომები რომელიც ახლავს მიმდინარე ეპიდემიას მიუხედავად მსოფლიოს მოწინავე ლაბორატორიებში მეცნიერების გამოკვლევებსა, მიზეზი დაუდგენელია. ნიუ იორკის ლაბორატორიაში მეცნიერებმა აღმოაჩინეს დაღუპულ ფუტკრებში ,,ვირუსი" თუმცა მიზეზად ჯერ ჯერობით ვირუსი არ სახელდება.
ზოგი მკვლევარი ეპიდემიის მიზეზად ზოგად მიზეზებს ასახელებს, როგორიცაა დედამიწის დაბინძურება, სხვადასხვა ქიმიური ნივთიერებებით, აგრეთვე ელექტრო მაგნიტური ველის, რადიაციის ფონის მომატების და ა.შ რაც განპირობებულია მსოფლიოში ინდუსტრიალიზაციის, მრეწველობის, ქიმიური ნარჩენების, აგრეთვე ფიჭური ტელეფონების და სხვათა განვითარებით. ეს საკითხები საგულისხმოა, რადგან ფუტკრის ეპიდემიამ სწორედ განვითარებული ქვეყნებიდან დაიწყო სადაც მეტია დაბინძურების დონე.
თუ გავითვალისწინებთ იმას რომ ფუტკრის ანატომია და ორგანოების ფიზიოლოგია მეტად თავისებურია და ყოველი ქცევა და მუშაობა ფუტკრის სწორედ ამ გრძნობითი ორგანოების განსაკუთრებულ ფიზიოლოგიაზეა დამოკიდებული ეს საკითხი საგულისხმოა. ისიც ცნობილია, რომ მეფუტკრე, რომელიც ფუტკარს ამთაბარებს იქ სადაც მაღალი ელექტრო ძაბვის სადენებია ფუტკარს არ დასვამს, იმ მიზეზით რომ, ფუტკარი სადენებს შორის ელ. მაგნიტურ ველში მოხვედრის დროს კარგავს შრომისუნარიანობას, უარეს შემთხვევაში კოორდინაციას და სკას ვერ უბრუნდება.
მიმდინარე ფუტკრის ეპიდემიის სიმპტომები ასეთია: ჩვეულებრივ ძლიერი ოჯახის სკა რამდენიმე დღეში ფუტკრიდან იცლება, ბოლოს რჩება დედა ფუტკარი მცირე მუშა ფუტკართან, ე.ი მოკლედ რომ ვთქვათ ფუტკარი ტოვებს სკას დედის გარეშე.
არის ასეთი შემთხვევა სხვადასხვა დაავადების დროს, როცა ფუტკარი ვერ ერევა ამ დაავადებას (მაგ. ბარტყის სიდამპლე) ფუტკრის ოჯახი თავის გადარჩენის მიზნით ტოვებს ოჯახს და გადადის სხვა ბინაში, მაგრამ ის ამისთვის ემზადება რომელსაც თან მიყვება დედა ფუტკარი. ამ ეპიდემიის დროს კი დედა ფუტკარი რჩება სკაში. ე.ი ეს ვერსიაც გამორიცხულია.
ამ თემაზე ჩვენ შეიძლება ბევრი სხვადასხვა აზრი გამოვთქვათ, მაგრამ დაველოდოთ მეცნიერულ ლაბორატორიულ გამოკვლევების შედეგებს.
ერთი ვთქვათ მხოლოდ: თუ ამ ფუტკრის ეპიდემიის მიზეზი ვირუსია და სხვადასხვა ქვეყნებში მიმდინარეობს, ხომ შეიძლება ეს ვირუსი ინახებოდეს გარკვეული დროის განმავლობაში ფუტკრის პროდუქტებში რომელიც იმპორტის სახით შემოდის საქართველოში, და სანამ არ დადგინდება მიზეზი დროებით აიკრძალოს ამ პროდუქტების შემოტანა.
ეს ჩვენს ეკონომიკაზე არ იმოქმედებს, არც საქართველოს მოსახლეობა დაზარალდება, როგორც მომხმარებელი, ხოლო შემომტანი ბიზნესმენი კი ალბათ
გაგებით მოეკიდება ამ საკითხს.