დინდგელი
ტერმინი ,,დინდგელი" ბერძნული წარმოშობისაა და ნიშნავს ამოლესვას. მას ფუტკრები იყენებენ საფრენის შევიწროებისათვის, სკის ნაპრალების ამოლესვისათვის, ისინი ერთგვარად აბალზამებენ მათ მიერ დანესტრილ სკაში მოხვედრილ მწერებსა და მღრღნელებს. დინდგელი ძვირფასი სამკურნალო პრეპარატია. იგი ახდენს ბაქტერიოციდულ, ანტიტოქსიკურ, ანთების საწინააღმდეგო, საანესთეზიო და ორგანიზმის ინფექციისაგან დამცავი ფაქტორების მასტიმულირებელ მოქმედებას.
ფუტკრები დინდგელს აგროვებენ ალვის ხის, ბზის, წაბლისა და მრავალი სხვა მცენარის კვირტებიდან გამოყოფილი ფისოვანი ნივთიერებებისაგან. დინდგელს აგროვებენ როგორც გაშლილი, ისე გაუშლელი კვირტებიდან.
დინდგელის შეგროვება და მნიშვნელობა. დინდგელს აგროვებენ 15 დღეზე მეტი ასაკის ფუტკრები წელიწადში 100 - 150 გრამის რაოდენობით ოჯახზე. ყველაზე მეტ დინდგელს აგროვებს კავკასიური ფუტკარი, შედარებით ნაკლებს - უკრაინული და იტალიური, ხოლო ინდური ფუტკარი თითქმის არ აგროვებს დინდგელს.
დადგენილია, რომ დინდგელი შეიცავს აქროლად ეთეროვან ზეთებს, რომლებსაც ახასიათებთ ანტიმიკრობული თვისებები. მზის სხივებით გამთბარი სკა აქროლადი ეთეროვანი ნივთიერებებით იჟღინთება, რითაც უზრუნველყოფილია მისი ანტიმიკრობული და სადეზინფექციო მოქმედება.
დინდგელის ქიმიური შემადგენლობა და ფიზიკური თვისებები. დინდგელი მომწვანო მოყვითალო, ყავისფერი ანდა მუქი მოწითალო ფერის ფისოვანი ნივთიერებაა. 15° C ტემპერატურის ქვემოთ ის ხდება მყიფე და მაგარი, ხოლო 30° C ზე მაღალი ტემპერატურის დროს - რბილი და წებოვანი. დინდგელს აქვს ფისისებური სუნი, გემოთი ზოგი მომწაროა, ზოგი - ნეიტრალური, ზოგიც ტარხუნასა ჰგავს. თავისი სტრუქტურით იგი წარმოადგენს მჭიდრო და არაერთგვაროვან მასას.
მისი თითოეული კომპონენტი იხსნება მრავალ გამხსნელში და მაღალი ტემპერატურის მოქმედებით კარგავს ზოგიერთ თვისებას. ცხელ წყალში ცუდად იხსნება, სპირტში კი 60-70% - ით. ყველაზე კარგად დინდგელი იხსნება ეთერსპირტის, ქლოროფორმის სპირტის, ტოლუოლის სპირტისა და სხვათა ნარევში.
დინდგელის ბიოლოგიური თვისებები. დინდგელისათვის დამახასიათებელია სხვადასხვა ბიოლოგიური თვისება: ანტიმიკრობული, ანთების საწინააღმდეგო, ტკივილგამაყუჩებელი და სხვა.
დინდგელის ანტიმიკრობული ნივთიერებები თერმომდგრადია, 3-4 წლის მანძილზე არ კარგავენ თავიანთ ანტიმიკრობულ აქტიურობას.
ანტიბიოტიკებისაგან განსხვავებით დინდგელი არ სპობს ნაწლავების ნორმალურ მიკროფლორას, ე. ი. არ იწვევს დისბაქტერიოზს.
დინდგელის სამკურნალო გამოყენება. დინდგელს, როგორც სამკურნალო საშუალებას უძველესი დროიდან იყენებენ.
დინდგელი გამოიყენება ქრონიკული ფარინგიტის, ზედა სასუნთქი გზების მწვავე კატარის, ყურის ქრონიკული ანთების, ბრონქული ასთმის, ტუბერკულოზის სხვადასხვა ფორმის, თირკმელების ტუბერკულოზისა და სხვა დაავადებათა დროს.
დინდგელის უპირატესობა სხვა სამკურნალო პრეპარატებთან შედარებით ის არის, რომ იგი ორგანიზმისათვის სრულიად უვნებელია და შეიძლება გამოვიყენოთ როგორც დამოუკიდებელი სამკურნალო საშუალებად, ისე პრეპარატებთან მრავალნაირი კომბინაციით.
დინდგელი ძვირფასი სამკურნალო პრეპარატია. იგი ახდენს ბაქტერიოციდულ, ანტიტოქსიკურ, ანთების საწინააღმდეგო, საანესთეზიო და ორგანიზმის ინფექციისაგან დამცავი ფაქტორების მასტიმულირებელ მოქმედებას.