beeyard banner

ფუტკრის პროდუქტებით მკურნალობა

თაფლის გამოყენება გაციებისას და ზემო სასუნთქი გზების დაავადებისას 

თაფლი არის უებარი საშუალება გაციებისას. ამ დროს იგი იხმარება როგორც ცალკე, ისე სხვა საკვებ პროდუქტთან და სამკურნალო მცენარეებთან ერთად.

ხალხურ მედიცინაში გაციების დროს ყველაზე გავრცელებულია თაფლიანი ჩაი და თაფლიანი რძე (1 სუფრის კოვზი თაფლი 1 ჭიქა ჩაისთან ან რძესთან ერთად). კარგ შედეგს იძლევა თაფლი ლიმონით - 100 გ თაფლი საშუალო ზომის ნახევარი ლიმონის წვენთან ერთად.

მოვიყვანთ რამდენიმე გავრცელებულ რეცეპტს:
1.1 სუფრის კოვზი ვირისტერფას გამხმარი ფურცლები დაყენებულ იქნას 1 ჭიქა ადუღებულ წყალზე: ნაყენს გაგრილებისა და გაწურვის შემდეგ დაემატოს 1 სუფრის კოვზი თაფლი. მიღება 1 სუფრის კოვზი 3-ჯერ დღეში, ნახველის ამოსაღებად.
2. 100 გ ჟოლოს ნედლი ნაყოფი (ან 2 სუფრის კოვზი გამხმარი ნაყოფისა) დაყენებულ იქნას ერთ ჭიქა წყალზე; 10-15 წუთის შემდეგ დაემატოს 1 სუფრის კოვზი თაფლი. უნდა დაილიოს თბილ მდგომარეობაში, ოფლის მოსადენად.
3. 1 სუფრის კოვზ შავი მოცვის გამხმარ ყვავილებს დაესხას 1 ჭიქა ადუღებული წყალი, 20 წუთის შემდეგ გაიწუროს, დაემატოს 1 სუფრის კოვზი თაფლი; მიიღება 1.4 ჭიქა, ოფლის მოსადენად. უმჯობესია ძილის წინ.

გრიპის მკურნალობის ეფექტიანი ხალხური საშუალებაა ნიორ-თაფლის ფაფა: დაჭყლეტილ ან გახეხილ ნიორს უნდა შეერიოს თაფლი შეფარდებით 1:1 მიიღება 1 სუფრის კოვზი 3-ჯერ დღეში, ძილის წინ - თბილი წყალი.

თაფლის მოქმედება კუჭ-ნაწლავზე და ღვიძლზე

ძველი ქართული ანდაზაა" თაფლის კუჭის საუკეთესო მეგობარია".

ლიტერატურული მონაცემები ადასტურებენ, რომ თაფლი ხელს უწყობს საჭმლის მონელების პროცესს, ამას იმით ხსნიან, რომ თაფლი შეიცავს რიგ მინერალურ ნივთიერებას, რომელიც ხელს უწყობს ორგანიზმის მიერ საკვების ათვისებას.

დადგენილი , რომ თაფლის მიღება ხელს უწყობს კუჭის წვენის სიმჟავიანობის დაკლებას, ამიტომ იგი კარგი საშუალებაა ჰიპერაციდული გასტრიტებისას (კუჭის ლორწოვანი გარსის ანთება, რომელსაც თან ახლავს კუჭის წვენის მაღალი სიმჟავიანობა).

ამავე დროს, თუ გავითვალისწინებთ, რომ თაფლის მიღებისას კუჭის წვენი ინტენსიურად გამოიყოფა და ამის შედეგად მატულობს კუჭის წვენის საერთო სიმჟავიანობა, ნათელი გახდება, რომ თაფლი შეიძლება გამოვიყენოთ აქილიის დროს (კუჭის წვენის ნულოვანი სიმჟავიანობა. ამ შემთხვევაში თაფლი მიიღება უშუალოდ ჭამის წინ, ცივი განზავებული ხსნარის სახით (1 სუფრის კოვზი თაფლი 1 ჭიქა წყალზე).
მაღალი სიმჟავიანობის დროს თაფლი მიიღება ჭამამდე 1.5-2 საათით ადრე (უმჯობესია რომ იგი თბილი წყლით გაზავდეს).

განსაკუთრებულია თაფლის როლი კუჭის წყლულის მკურნალობისას, ექსპერიმენტებმა ცხადყვეს, რომ თაფლის ჩართვა მკურნალობაში აჩქარებს კუჭის წყლულის შეხორცებას. თაფლი ხსნის ტკივილებს, გულის ძმარვას, გულისრევის შეგრძნებას. ავადმყოფს უწესრიგდება ძილი. იგი მატულობს წონაში, უმჯობესდება ჰემოგლობინის მაჩვენებელი, ნორმაში დგება ნერვული სისტემა.

კუჭის წყლულის მკურნალობისას თაფლი მიიღება საუზმემდე და სადილამდე 1.5-2 საათით ადრე და ვახშმობის შემდეგ 3 საათის მერე. სასურველია თაფლის წყალში გახსნა, რადგან ასეთი სახით მიღებისას იგი ხელს შეუწყობს კუჭის ლორწოს განზავებას, ხსნის ტკივილებს, გულის ძმარვისა და გულისრევის შეგრძნებას.
ნ. იორიშის მეთოდით კუჭის წყლულის მკურნალობისას დილით მიიღება 30-60 გ თაფლი, შუადღეს - 40-80, ხოლო საღამოს 30-60 გ.
სხვა მეთოდის მიხედვით დღიური დოზა 400-500 გ-ია, რომელიც მიღება 3 ნაწილად. ამ მეთოდით მკურნალობა სირთულეებთანაა დაკავშირებული, რადგან დიდი რაოდენობის მიღებისას ჩნდება ზიზღი თაფლის მიმართ, შესაძლებელია პირისღებინება.

გასათვალისწინებელია, რომ აღნიშნულ შემთხვევებში თაფლი კომპლექსური მკურნალობის შემადგენელი ნაწილია, ეს კი ითვალისწინებს ექიმის შესაბამის კონტროლს მკურნალობაზე.

ფრიად გავრცელებულია თაფლის გამოყენება ღვიძლის დაავადებების დროს. თაფლის მოქმედება ამ შემთხვევაში განისაზღვრება მისი ქიმიურ-ბიოლოგიური შემადგენლობით. დადგენილია, რომ გლუკოზა არამც თუ საუკეთესო საკვები მასალაა ქსოვილებისათვის, იგი ამავე დროს ხელს უწყობს გლიკოგენის დაგროვებას ღვიძლში და აუმჯობესებს ნივთიერებათა ცვლის პროცესს ქსოვილებში. როგორც ცნობილია, ღვიძლი ბუნებრივი ბარიერია ორგანიზმის მავნე ნივთიერებებისათვის. გლუკოგენი აძლიერებს ღვიძლის ამ ფუნქციას, რის შედეგადაც მატულობს ორგანიზმის დაცვითუნარიანობა სხვადასხვა ინფექციის მიმართ (მაგალითად ბოტკინის დაავადებისას, სეფსისის დროს, სხვადასხვა სახით მოწამვლისას და ა.შ.)

 

 გამოყენებული ლიტერატურა: გიორგი რამიშვილი ,,მეფუტკრეობა და ფუტკრის პროდუქტებისთ მკურნალობა" 1996 წ.