ჩაკირული ბარტყი (ასკოსფეროზი)
რამდენიმე პიროვნება დამიკავშირდა, აღმოსავლეთ საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან, მათი სატელეფონო საუბრით და კლინიკური ნიშნების გათვალისწინებით საქმე უნდა გვქონდეს დაავადება ასკოსფეროზთან, რომელიც ერთ-ერთი საკმაოდ გავრცელებული დაავადებაა, კლინიკური ნიშანი აქვს ისეთი, რომ მას ჩაკირულ ბარტყსაც უწოდებენ.
დაავადების გამომწვევია სოკო რომელსაც შეუძლია გადავიდეს სპოროვან ფორმაში და ათეული წლების განმავლობაში შეინარჩუნოს სიცოცხლისუნარიანობა. როგორც ჩანს დაავადების მეტი შემთხვევა არის აღმოსავლეთ საქართველოში.
ჩაკირული ბარტყის დაავადებით ავადდება ყველა ასაკის ბარტყი, სოკოს სპორები იჭრება ბარტყის ორგანიზმში, როგორც გარეგანი შეხებით, ისე საკვების მიღების დროს თუ საკვები დაინფიცირებულია.
საფუტკრეში ან მეზობელ საფუტკრეში დაავადება შეიძლება გაავრცელოს ფუტკრებმა, რომელთა სხეულზეც შეიძლება იყოს სოკოს სპორები, აგრეთვე ფუტკრის სხვადასხვა მავნებლებმა, არ არის გამორიცხული რომ დაავადება გაავრცელოს მეფუტკრემ, რომელიც არ იცავს სანიტარულ წესებს.
დაავადების დროს იღუპება ბარტყის 60% - ზე მეტი. ზოგჯერ ის გვხვდება როგორც მეორადი ინფექცია ევროპული სიდამპლის ან გაციებული ბარტყის დროს. დაავადება სეზონურია, უფრო ხშირად გაზაფხული - ზაფხულის პერიოდში.
დაავადების გავრცელებას ხელს უწყობს: მაღალი სინესტე, ტემპერატურის ცვალებადობა, ანტიბიოტიკების არასწორი გამოყენება, ფუტკრის საკვებად დაინფიცირებული საკვების გამოყენება, ძველი შავი ფიჭების არადროული ცვლა სკაში, ფუტკრის უკონტროლო მთა-ბარობა და სხვა.
როცა ბარტყში სოკო იჭრება, მიცელიუმი ძალიან სწრაფად ვითარდება, ბარტყი ჯერ იბერება შემდეგ ჩაიკირება უჯრაში და იღებს თეთრ ან მონაცრისფრო ფერს, რომელიც თანდათან ხმება, მკვრივი ხდება, ფუტკრები მას გარეთ ყრიან როდესაც უჯრედებს ასუფთავებენ.
როცა დაავადებას შევნიშნავთ, საჭიროა ავიღოთ სინჯი (დაავადებული ბარტყიანი ჩარჩო) შევფუთოთ ორმაგი ცელოფნის პარკში, მივაკრათ ეტიკეტი და გადავაგზავნოთ ლაბორატორიაში. თუ დაავადება დადგინდა, საჭიროა საფუტკრეში ჩავატაროთ ამ დაავადების სალიკვიდაციო ღონისძიებები:
შევქმნათ სინესტის საწინააღმდეგო პირობები, არ გადავიყვანოთ ფუტკარი სამთაბაროდ იქ, სადაც სხვა საფუტკრეა ახლოს (მანძილი 10 კმ მდე). ამ საფუტკრიდან ყვავილის მტვრის გაყიდვა და ა.შ არ შეიძლება, ამით დავაზარალებთ სხვას. უნდა მოვამზადოთ ახალი სკები, რომელსაც ჩატარებული აქვს დეზინფექცია. მასში გადავიყვანოთ ფუტკარი დაზარალებული სკიდან ისე, რომ ამ დროს მაქსმალურად გამოვიწუნოთ დაავადებული და ვადაგასული ჩარჩოები გასანადგურებლად (დაწვით) უნდა შევცვალოთ დედა ფუტკარი. აუცილებლად შევაერთოთ სუსტი ფუტკრის ოჯახები.
რამდენიმე წლის წინ ჩემს საფუტკრეში ორ ოჯახში შევნიშნე დაავადება ასკოსფეროზი. მაშინვე ეს ორი სკა ფუტკრებიანად გავანადგურე დაწვით. ვფიქრობ კარგად მოვიქეცი.
სამკურნალო საშუალებები:
ნიტროფუნგინი - დასხურებით (1:5-ზე) წყალხსნარზე ამატებენ ნიტროფუნგინს 100 მლ და ასხურებენ ერთ ჩარჩოზე 10 მლს. ერთი ლიტრა ასეთი ხსნარი დაამუშავებს საშუალოდ 10 ოჯახს. მკურნალობა ტარდება 3-4 ჯერ 10 დღის ინტერვალით.
ასკოცინი - გამოიყენება როგორც საკვებში ასევე შესხურებით. საკვებში (1:1 -ზე) 5 ლ სიროფში გავხსნით 1 მლ ასკოცინს. ერთ საშუალო ოჯახს ვაძლევთ 1 ლ ასეთ საკვებს.
შესხურების დროს (1:5 -ზე) 5 ლ ტკბილ წყალში გავხსნით 1 მლ ასკოცინს. ერთ ოჯახს საშუალოდ ვასხურებთ 100 მლ -ს 3-4 დღის ინტერვალით 3-4 ჯერ.
ასკოვარი - ორმაგი მოქმედების პრეპარატია, შექმნილია ვაროატოზის დაავადებისა და ასკოსფეროზის საწინააღმდეგოდ. იხსნება 2 ლ სტერილურ წყალში 1 მლ. ესხურება ჩარჩოებს შორის, საშუალოდ ოჯახზე - 100 მლ. 3-4 ჯერ 7 დღის შუალედით.
უნდა აღინიშნოს, რომ ასკოსფეროზზე მკურნალობა ზოგჯერ საფუტკრეში გრძელდება რამდენიმე წლის განმავლობაში მის სრულ ლიკვიდაციამდე.
აგრეთვე უნდა გავითვალისწინოთ, რომ ქიმიურ პრეპარატებთან მუშაობის დროს დავიცვათ პირადი უსაფრთხოების წესები.