ფუტკრის სანთელი (ფუტკრის ცვილი)
მეფუტკრეობის მეორე პროდუქტი, რომელიც თავისი მნიშვნელობით და ღირებულებებით გამოირჩევა, არის სანთელი (ცვილი) იგი ორგანული ნივთიერებაა რომელსაც გამოიმუშავებს ფუტკარი და იყენებს როგორც სამშენებლო მასალას.
მსოფლიოში არცერთ ლაბორატორიას არ მიუღწევია იმ დონისათვის, რომ ხელოვნურად შექმნას ისეთი ნივთიერება, თავისი შემადგენლობით და თვისებებით ფუტკრის ცვილს რომ გაუტოლდება, ამ საიდუმლოებას ჯერ ჯერობით მხოლოდ ფუტკრები ფლობენ. ცვილს ფართო გამოყენება აქვს სახალხო მეურნეობაში.
ფუტკრის სანთელს ყოველთვის დიდი პრაქტიკული გამოყენება ჰქონდა, მისგან ამზადებდნენ სანთლებს, საღებავებს მალამოებს და სხვ. მას ხმარობდნენ ქვევრის მოსაკალავად, მებაღეობაში სამყნობი მალამოების დასამზადებლად, სპირტიანი სასმელების ხარისხის შესამოწმებლად: მაღალხარისხოვან არაყში მრგვალი ცვილის ნაჭერი სწრაფად იძირება, უხარისხოში ზევით ტივტივებს.
ცვილს დიდი გამოყენება აქვს ქიმიურ მრეწველობაში, საავტომობილო წარმოებაში, გემთმშენებლობაში, ქანდაკების ჩამოსასხმელად, კოსმეტიკასა და მრეწველობის სხვა დარგებში.
ამ ბოლო დროს ცვილმა ფართო გამოყენება პოვა ზედა სასუნთქი გზების ანთებითი პროცესების სამკურნალოდ. ამ მიზნით რეკომენდირებულია ფიჭიანი თაფლის ღეჭვა, რომლის დროსაც ორგანიზმში ხდება მარტო თაფლის კი არა, ცვილის ბევრი კომპონენტის, კერძოდ ვიტამინ A- ს, მტვრისა და დინდგელის მიღება, რომლებიც გარკვეული რაოდენობით შედიან ცვილში.