მეფუტკრეობა, თაფლი, ფუტკრის პროდუქტები
,,სუფთა, სუბუქი ფრინველი, შორით მომტანი ვარდისა.
ჯერ ცისა მოსამსახურე, მერე ყოველი კაცისა."

პროდუქცია
თაფლი, ფიჭა, ფუტკრის ცვილი (თაფლის სანთელი), სანთლის არაყი (თაფლის არაყი), დინდგელი (პროპოლისი), ფუტკრის რძე.
მეფუტკრის ცნობარი
საგანმანათლებლო მასალა სასარგებლო ინფორმაცია მეფუტკრეებისთვის და მკითხველთა ფართო წრისათვის. მეფუტკრეობის შესწავლა, ფუტკრის მოვლა-მოშენება, ფუტკრის დაავადებები, მათთან ბრძოლის თანამედროვე მეთოდები და სხვ.

რეცეპტები მკურნალობა
ფუტკრის პროდუქტებით მკურნალობა. ფუტკრის პროდუქტების საკვებად და სამკურნალოდ გამოყენება ( რეცეპტები). საოჯახო, ხალხური მედიცინა.

გალერეა
ჩვენი საფუტკრე. მუშაობის პროცესი. ფესტივალი - გამოფენები. ფოტო-ვიდეო არქივი და სოციალური ქსელები.
მეფუტკრის ცნობარი
ავტორისაგან
თუ ჩემი სიტყვა შენს ხვედრს გაიყოფს,
მართლაც მქონია ქვეყნად სათქმელი,
იმაზე დიდი რა უნდა იყოს
კაცს თაფლი მისცე ღმერთს კი სანთელი.
შ. ნიშნიანიძე
მოგესალმებით კეთილი სურვილებით!
საქართველოში ფუტკრის ოჯახების რაოდენობა დღეს მნიშვნელოვნად ნაკლებია, ვიდრე 30 წლის წინ. ბუნებრივ რესურსებს კი ჩვენი ფუტკარი ქვეყნის მასშტაბით მხოლოდ 10 პროცენტამდე ითვისებს. ეს იმას ნიშნავს, რომ მეფუტკრეობის განვითარება და გაძლიერება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. მეფუტკრეებს მეტი ყურადღება და ხელშეწყობა სჭირდებათ, რათა ბუნებისგან მეტი ძვირფასი პროდუქტი მივიღოთ.
მეფუტკრეობა სკოლებში ერთი სემესტრის განმავლობაში უნდა ისწავლებოდეს, რათა მეტი ადამიანი გაეცნოს ამ კეთილშობილურ საქმეს. დარწმუნებული ვარ, ამ ვებსაიტზე მოცემული მასალების გაცნობის შემდეგ ბევრ თქვენგანს გაუჩნდება სურვილი, შეიძინოს ფუტკრის ოჯახი და გახდეს მეფუტკრეობის მონაწილე.
დღეს ბევრ ადამიანს მიტოვებული აქვს სოფელი, მამაპაპური ოდა, თაფლოვანი მცენარეებით გარშემორტყმული ტყე და ქალაქში ცხოვრობს, შესაძლოა ნაქირავებ ბინაშიც კი, ხშირად – სტაბილური სამსახურის გარეშეც. იქნებ დროა დაფიქრდეთ ამაზე? თუ დამოუკიდებლად ვერ ბედავთ, შესაძლებელია რამდენიმე თანამოაზრემ ერთად შექმნას მცირე ამხანაგობა და ასე დაიწყოს მეფუტკრეობა. დღეს, როდესაც სოფლის მეურნეობა წინ წამოიწია, არსებობს დახმარებისა და დაფინანსების მიღების შესაძლებლობა – მოდით, ამაზე ვიფიქროთ და ეს შესაძლებლობები სრულად გამოვიყენოთ.
მეფუტკრეს დიდი დამსახურება აქვს ქვეყნისა და ბუნების წინაშე – ის ზრუნავს ფუტკრებზე, რომელთა როლი მცენარეთა სამყაროს განვითარებაში უმნიშვნელოვანესია. მცენარეები კი ადამიანის და ცხოველის საკვების მთავარი წყაროა. ეკონომიკური თვალსაზრისით, ფუტკრის პროდუქტები ოდითგანვე იყო მნიშვნელოვანი საექსპორტო საქონელი.
რაც მთავარია, ფუტკრის პროდუქტები ადამიანის მკურნალია, სიცოცხლის გახანგრძლივების ყველაზე კარგი და ფასდაუდებელი საშუალებაა. მიმაჩნია, რომ მიცვალებულთა სახელზე ანთებული სანთელი უნდა იყოს ნატურალური, ბუნებრივი, ფუტკრის ცვილისგან დამზადებული. მისი არომატი და სურნელი განსაკუთრებულ სიმშვიდეს და მადლს ანიჭებს გარემოს. იგი შეიცავს ყოველივე ცოცხალს, დედამიწიდან ფუტკრის მიერ შეგროვებულს და მის ორგანიზმში წარმოქმნილ ცვილს. მხოლოდ ამ ცვილის სინათლე და სურნელი არის მადლი გარდაცვლილის სულისთვის.
ღმერთი იყოს ჩვენი და ჩვენი ქვეყნის მფარველი!
გივი ანთაძე